Share


ვარლამ ლიპარტელიანის გამარჯვება ტაშკენტში

2023-03-05 16:28:30

ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. -100კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ავსტრიელი აარონ ფარა დაამარცხა, რომელსაც არ მისცა კარიერაში პირველი გრან სლემის მოგების საშუალება. თავად კი გრან სლემი მეექვსედ მოიგო.

ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან სლემზე მეორე ნომრად იყო განთესილი და პირველ შეხვედრაში დაპირისპირება სწორედ იმ ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვესთან მოუწია, რომელთანაც ორი კვირის წინ თელ-ავივის გრან სლემზე პირველივე შეხვედრა წააგო. ვარლამმა ბრაზილიელის დამარცხების შემდეგ გაიმარჯვა ყაზახ ნურლიხან შარხანთან. ნახევარფინალში კი იაპონელ კოტარო უეოკას სძლია.

ვარლამ ლიპარტელიანმა ამით დაასრულა ერთგვარი უიღბლო სერია, რადგან შარშან ბუდაპეშტის გრან სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ ის ძიუდოს საერთაშორისო ტურში მედლის მოპოვებას ვეღარ ახერხებდა. ამ გამარჯვებით კი მას კარიერაში 29 მედალი (14 ოქრო, 5 ვერცხლი, 10 ბრინჯაო) დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ის ქართველ ძიუდოისტებში - საუკეთესო, ხოლო მსოფლიოში ვაჟთა შორის მეორე ადგილზეა.

გრან სლემზე თავის პირველ ოქროს მედალთან ახლოს იყო ეთერ ლიპარტელიანი, მაგრამ -57კგ წონით კატეგორიაში მან ფინალური შეხვედრა წააგო გამოცდილ იაპონელთან მომო ტამაოკისთან. მანამდე კი სამ შეხვედრაში იმარჯვა. ეთერ ლიპარტელიანისთვის ეს ძიუდოს საერთაშორისო ტურის ტურნირებში (მასტერსი, გრან სლემი, გრან პრი) მოპოვებული მეცხრე მედალია.

ტაშკენტის გრან სლემზე +100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც ტურნირში ერთადერთი შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ენდი გრანდასთან წააგო. აღსანიშნავია, რომ ზაალიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერს ტაჯიკ ტიმურ რახიმოვს სძლია.