ვაჟა მარგველაშვილი თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -66კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი დამატებით დროში დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი თელ-ავივში მეორე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში დაპირისპირება მოუწია ზედა წონით კატეგორიიდან დაბრუნებულ იტალიელ ფაბიო ბაზილესთან, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი, სწორედ ამ წონით კატეგორიაში გახდა. მარგველაშვილმა ბაზილეს დამარცხების შემდეგ სძლია გერმანელ ლენარტ სლამბერგერს, ბულგარელ იანისლავ გერჩევს, ნახევარფინალში კი ესპანელ ალბერ გაიტერო მარტინს. თელ-ავივის გრან სლემის მოგებით ვაჟა მარგველაშვილმა დაასრულა ერთგვარი უიღბლობა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ თან სდევდა.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გორელმა ძიუდოისტმა ლაშა ნადირაძემ, რომელმაც დეკემბერში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. ლაშა საერთაშორისო რეიტინგში აქამდე 10 ქულით მხოლოდ 354-ე იყო. ეს ქულებიც მან თელ-ავივის შარშანდელ გრან სლემში მონაწილეობისთვის მიიღო, სადაც პირველსავე წრეში მასპინძელთა ერთ-ერთ ფავორიტთან ტალ ფლიკერთან დამარცხდა. ამჯერად, ნადირაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში, სწორედ ფლიკერს სძლია. მანამდე კი მოუგო ასევე მასპინძელს ტურნირის პირველ ნომერს ბარუხ შმაილოვს, რომელმაც დეკემბერში იერუსალიმში წლის შემაჯამებელ მასტერსზე გაიმარჯვა. 23 წლის ლაშა ნადირაძისთვის ეს ძიუდოს საერთაშორისო ტურში მოპოვებული პირველი მედალია.