ილია სულამანიძე იერუსალიმში წლის შემაჯამებელი შეჯიბრების მასტერსის გამარჯვებული გახდა. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მთელი ტურნირის განმავლობაში შესანიშნავად იასპარეზა. -100კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში მან ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა, თუმცა გაცილებით ძლიერი მეტოქეების დამარცხება მას შეჯიბრების ადრეულ ეტაპზე მოუწია. პირველ წრეში მან უნგრელ შომბორ ვეგთან გაიმარჯვა. განსაკუთრებით აღსნიშნავია ქართველი ძიუდოისტის გამარჯვება გამოცდილ მეტოქეებთან აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან და მასპინძლების ფავორიტთან პეტერ პალჩიკთან. ნახევარფინალში კი ილიამ არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოსტოევს სძლია.
ამ სეზონში ილია სულამანიძისთვის საასპარეზოდ ყველაზე იღბლიანი ქვეყანა ისრაელი გამოდგა. თებერვალში თელ-ავივში მან გრან სლემზე გაიმარჯვა. წლის ბოლოს კი პირველობა არავის დაუთმო იერუსალიმში მასტერსზე. ამ გამარჯვებით ილია სულამანიძე -100კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა.
-90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკამ მაისურაძემ, რომელიც გამარჯვებული გახდა მსოფლიოს ჩემპიონთან უზბეკ დავლატ ბობონოვთან მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის შეხვედრა ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან დათმო ბექა ღვინიაშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა იერუსალიმში მასტერსზე ჯამში 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა საერთო ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.