ტატო გრიგალაშვილმა 2022 წელი ტრიუმფალურად დაასრულა. ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ მასტერსზე მან გამარჯვება არავის დაუთმო და ამით სეზონში ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოიგო.
ტატო გრიგალაშვილმა გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ შემოდგომაზე მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაიმარჯვა. წლის ბოლოს კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ სეზონში -81კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესოა.
მასტერსზე ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ირანელს საიდ მოლაის სძლია. მანამდე კი ერთმანეთის მოყოლებით დაამარცხა უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო და ფრანგი ალფა ოუმარ დჯალო.
ტატო გრიგალაშვილმა ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში სეზონის ბოლოს პირველი ადგილი შეინარჩუნა. მოპოვებული ქულებით იგი ასევე პირველ ადგილზეა ყველა წონითი კატეგორიის საერთო რეიტინგში.
აღსანიშნავია, რომ იერუსალიმში მასტერის მოგებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ტატო გრიგალაშვილი საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.