Share


გორმა ევროპის ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლა

2022-11-27 16:12:47

ევროპის საკლუბო ჩემპიონატის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თბილისის „მებრძოლი“ გახდა. ფინალურ შეხვედრაში თბილისურმა კლუბმა ბელგრადის „რედ სტარი“ დაამარცხა. შეხვედრაში გადამწვეტი გამოდგა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ტატო გრიგალაშვილისა და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის ოლიმპიურ პრიზიორის საიდ მოლაის დაპირისპირება, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა გაფრთხილებებით მოიგო.

თბილისის „მებრძოლმა“ პირველი შეხვედრა ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან“ მოიგო, რომლის შემადგენლობაშიც იყო მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ტედი რინერი. იგი საქართველოს პირველად სტუმრობდა და გორი მას თავის კარიერაში ერთ-ერთი იშვიათი მარცხითაც დაამახსოვრდება. ტედი რინერს გურამ თუშიშვილთან მოუწია დაპირისპირება და ქართველმა ძიუდოისტმა პირველად შეძლო ფრანგი ლეგენდის დამარცხება. „მებრძოლმა“, რომლის რიგებში, გურამ თუშიშვილის გარდა, იასპარეზეს ბაგრატ ნინიაშვილმა, გიორგი ჩიხელიძემ, ტატო გრიგალაშვილმა და ლევან გუგავამ, „პარი სენ ჟერმენს“ 4-1 მოუგო. თბილისურმა კლუბმა ნახევარფინალში გორელი გულშემატკივრების ფავორიტი „გოლდენ გორი“ დაამარცხა, რომლის ღირსებას იცავდნენ:  ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ლუკა მაისურაძე და გელა ზაალიშვილი. გორელებმა პირველი დაპირისპირება ესპანეთის „სტაბიას“ მოუგეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ახალგაზრდული შემადგენლობით დაკომპლექტებულ ქართულ კლუბს „არეას“ სძლიეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ბრინჯაოს მედლისთვის მეორე შეხვედრაში ესპანურმა „სტაბიამ“ ფრანგული კლუბი „სენ ჟენევიევი“ დაამარცხა. მედლის გარეშე დარჩა ტედი რინერის ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“.

გორის სპორტის სასახლეში ძიუდოს გულშემატკივრებმა შთამბეჭდავი შეჯიბრება იხილეს. სულ ტურნირში ვაჟთა შორის 8, ხოლო ქალთა შორის 10 კლუბი მონაწილეობდა. ქალთა შორის გამარჯვებული ფრანგული კლუბი USOLJJ  გახდა, რომელმაც ფინალში ასევე ფრანგული RSCC დაამარცხა.

ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოტმა გორში ტურნირის ორგანიზებას მაღალი შეფასება მისცა და კიდევ ისურვა საქართველოში სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება.