Share


გიორგი სარდალაშვილის ტრიუმფი აბუ-დაბიში

2022-10-21 19:14:27

გიორგი სარდალაშვილი აბუ-დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 19 წლის ძიუდოისტმა, რომელსაც ჯერ კიდევ ახალგაზრდული ასაკის ტურნირებში უწევს მონაწილეობა, კარიერაში თავისი პირველი გრან სლემი მოიგო. -60კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ტაიპეელი იუნგ ვეი იანგი დაამარცხა. მანამდე კი ოთხი შეხვედრა მოიგო და ოთხივეში იპონით გაიმარჯვა. მის მიერ მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში დამარცხებულმა ძიუდოისტებმა თურქმა ილდიზმა და აზერბაიჯანელმა აგაევმა ტურნირში მესამე ადგილები დაიკავეს. გიორგი სარდალაშვილმა სულ მეორედ მიიღო მონაწილეობა მსგავსი რანგის შეჯიბრებაში. მან  პირველად თბილისის გრან სლემზე მოსინჯა ძალები და ფინალშიც გავიდა, სადაც თემურ ნოზაძესთან დამარცხდა. აბუ-დაბის გრან სლემზე თემურ ნოზაძემაც იასპარეზა, მაგრამ იგი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

-57კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქ ოზრემ ილდიზს სძლია. ლიპარტელიანმა ტურნირში ერთადერთი შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან ნორა გჯაკოვასთან ნახევარფინალში წააგო.

-66კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს გიორგი თუთაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი წარმოადგენდნენ. გიორგი თუთაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელიც ტატამს თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა, მეოთხედფინალში გააღწია, მაგრამ საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.