Share


გურამ თუშიშვილის ბრინჯაო

2022-10-12 17:47:19

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტში მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური შეჯიბრების ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

+100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი პირველ ნომრად იყო განთესილი და კენჭისყრაც არც თუ ურიგო ერგო. მან ასპარეზობა კარგადაც დაიწყო - სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს იოლად სძლია. მისი მომდევნო შეხვედრები კი დაძაბული გამოდგა. გერმანელ იოჰანეს ფრეისთან დაპირისპირებაში სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც თითქოს კუბელ ენდი გრანდასთან პრობლემები არ უნდა შექმნოდა, მაგრამ მის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში მოუწია. აქ კი გაიმარჯვა უზბეკ ალიშერ იუსუპოვთან. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს სძლია და კარიერაში მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი. პირველი მედალი მას 2018 წელს ჰქონდა მოპოვებული, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური და გურამ თუშიშვილი დაეუფლნენ.