ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა და ევროპის ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ტაშკენტში მსოფლიოს ჩემპიონატზე -90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების ორივე ძიუდოისტი ნახევარფინალში დამარცხდა, მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრა ორივე მოიგო.
ლაშა ბექაურს მსოფლიოს ჩემპიონატზე უფროსებში დებიუტი ჰქონდა და მან ყველა შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის პირველ წრეში ისვენებდა. პირველი შეხვედრის ჩატარება კი მეორე წრეში იაპონელ კოსუკე მაშიამასთან მოუწია და პრობლემების გარეშე გაიმარჯვა. შემდეგ მან დაამარცხა ბრაზილიელი რაფაელ მასედო და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი. ნახევარფინალში კი მასპინძელთა ფავორიტს წონის პირველ ნომერს დავლატ ბობონოვს შეხვდა. მსაჯებმა ბექაური ილეთზე თავით წასვლის გამო მოხსნეს და ოლიმპიურ ჩემპიონს მხოლოდ ბრინჯაოს შანსი დაუტოვეს. ლაშამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა და თავის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ბრინჯაოს მედალია ლუკა მაისურაძისთვის, რომელსაც პირველი ბრინჯაო -81კგ წონით კატეგორიაში 2019 წელს ჰქონდა მოპოვებული. წონითი კატეგორიის შეცვლის შემდეგ ამ სეზონში ლუკამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ამჯერად კი მსოფლიოს ჩემპიონატზეც არ დარჩა უმედლოდ.
მაისურაძე პირველ წრეში ისვენებდა. მისი პირველი მეტოქე ლიბანის წარმომადგენელი კარამნობ საგაიპოვი იყო, რომელსაც ლუკამ დამაჯერებლად მოუგო. შემდეგ იგი მონღოლ ალტანბაგანა განტულგას დაუპირისპირდა და მისი მეტოქე აქ იმავე წესის დარღვევისთვის მოხსნეს, რისთვისაც ბექაური ბობონოვთან შეხვედრაში. ლუკამ მეოთხედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს სძლია, ხოლო ნახევარფინალში ვერაფერი გააწყო იტალიელ კრისტიან პარლატისთან. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან იმავე კუბელს აჯობა, რომელსაც ლაშა ბექაურმა მეოთხედფინალში მოუგო. მსოფლიოს ჩემპიონი -90კგ წონით კატეგორიაში უზბეკი დავლატ ბობონოვი გახდა.