ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო. -90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა. იგი უკვე ზედიზედ მესამე ტურნირია სტაბილურად ასპარეზობს და შეჯიბრებაზე მედლის გარეშე არ რჩება. წინა კვირას მან უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თუმცა ჰქონდა შანსი იქაც გამარჯვებული გამხდარიყო. უფრო ადრე თბილისის გრან სლემზე იმარჯვა. ბექა ამჯერად დამაჯერებლად გამოიყურებოდა ზაგრების გრან პრიზე. ფინალამდე მან ოთხი შეხვედრა მოიგო. ფინალი კი ორი ლამაზი გდების შემდეგ ნაადრევად დაასრულა სუფთა გამარჯვებით. ბოლო სამ შეჯიბრებაში ბექა ღვინიაშვილმა ჯამში 13 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა, ისიც საკამათო სიტუაციაში უნგრეთის გრან სლემის ნახევარფინალში. საერთაშორისო ფედერაციის ტურის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში მას უკვე 12 ოქროს მედალი დაუგროვდა.
ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ეთერ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ. ლიპარტელიანი -57კგ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კანადელი კრისტა დეგუჩი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეთერის პირად შეხვედრებში დეგუჩისთან უპირატესობა ჰქონდა, კანადელმა ფინალში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სულ ცოტა დააკლდა ოქროს მედლამდე 21 წლის ილია სულამანიძეს. -100კგ წონითი კატეგორიის ფინალში მისი მეტოქე ნიდერლანდელი მიხაელ კორელი იყო, სადაც რამდენიმე საკამათო ეპიზოდის შემდეგ დამატებით დროში მსაჯებმა გდება კორელს ჩაუთვალეს და ილია ვერცხლის მედალს დასჯერდა.
19 წლის გიორგი სარდალაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ტურის შეჯიბრებებში მეორედ იასპარეზა და ისევ მედალი მოიპოვა. თვენახევრის წინ თბილისის გრან სლემზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი არც ამჯერად შეეპუა მასზე გაცილებით გამოცდილ მეტოქეებს და ბრინჯაოსმედალოსანი გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სარდალაშვილმა ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.
ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა -81კგ წონით კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ტატო გრიგალაშვილი. შარშან იგი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა, როდესაც ფინალში ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა. ტატოს შმიდტთან დაპირისპირება ამჯერად მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოუხდა, სადაც გაფრთხილებებით გაიმარჯვა.
ერთი გამარჯვება დააკლდა მედლის მოპოვებამდე სოფიო სომხიშვილს, რომელიც +78კგ-ში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონღოლ ძიუდოისტთან დამარცხების შემდეგ მეხუთე ადგილზე დარჩა.