ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია. მან თავის კარიერაში უფროსების ასაკში ოფიციალურ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი) პირველად მოიპოვა მედალი. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე -57კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ჩეხი ვერა ზემანოვა დაამარცხა და გახდა ქართული ძიუდოს აღზრდილი პირველი ქალი ძიუდოისტი, რომელსაც ოფიციალურ შეჯიბრებებზე მედალი მოუპოვებია. (აქამდე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოპოვებული ჰქონდა ნიდერლანდერ ძიუდოისტს ესტერ სტამს, რომელმაც 2016 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა.)
ეთერ ლიპარტელიანი ახალგაზრდული ასაკიდან დაწყებული ხშირად ხდება პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც სხვადასხვა შეჯიბრებებზე მედლების მოპოვებას ახერხებს. ის პირველი ქართველი ქალია, რომელიც ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. შემდეგ პირველი იყო, რომელმაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გახდა პირველი ქართველი ქალი 23 წლამდელთა ევრპოპის ჩემპიონატის გამარჯვებული. პირველი იყო აგრეთვე, რომელმაც გრან სლემზე მოიპოვა მედალი, ჯერ ბრინჯაო, შემდეგ ვერცხლი. პირველი იყო, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. ამჯერად კი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ვაჟთა შორის სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. -60კგ წონითი კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი. ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო, ხოლო -66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი მეორე შეხვედრაში დამარცხდა და შესაბამისად, მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელება ვერც ერთმა ვერ შეძლო.