ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წლის შემაჯამებელი გამოკითხვის ლაურეატები გახდნენ.
ლაშა შავდათუაშვილი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში წლის მამაკაცი ძიუდოისტი. ილია სულამანიძემ კი გაიმარჯვა „ამომავალის ვარსკვლავის“ ნომინაციაში.
ლაშა შავათუაშვილმა 2021 წელს კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, რითაც გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც სამივე დიდი შეჯიბრება (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები) აქვს მოგებული. ამავე დროს ვერცხლის მედალი მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რაც მის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალია. ამ მაჩვენებლითაც ის ქართულ ძიუდოში ერთადერთია.
ილია სულამანიძე 2021 წელს საერთაშორისო ძიუდოში აღმოჩენად იქცა. მან პირველად იასპარეზა უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, გახდა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.