Share


საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

2021-11-27 22:57:53

საქართველოს ნაკრები პირველად გახდა ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული.

რუსეთის ქალაქ უფაში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა დაამარცხეს ავსტრიის (4-0), საფრანგეთის (4-2), თურქეთის (4-2) და ნიდერლანდების (4-3) ნაკრებები და პირველად გახდნენ ევროპის შერეული (ქალები+კაცები) გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ფინალური შეხვედრა ნიდერლანდების ნაკრებთან, სადაც ექვსი შეხვედრის შემდეგ ანგარიში 3-3 იყო და კენჭისყრით უნდა გამოვლენილიყო წონა, რომელში მოასპარეზე ძიუდოისტების დაპირისპირებაც მთლიანად შეხვედრის ბედს გადაწყვეტდა. კენჭისყრით ჭიდაობა საბა ინანეიშვილს მოუწია, რომელმაც იპონით დაამარცხა თავისი ოპონენტი და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი, ფრიდონ გიგანი, ალეკო მამიაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი. მწვრთნელები ლაშა გუჯეჯიანი, გიორგი თენაძე, ამბაკო ავალიანი და ლომერ ჟორჟოლიანი.

2017 წელს საქართველოს ნაკრების ვაჟთა გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ შეიცვალა შეჯიბრების ფორმატი და ვაჟები და ქალები გაერთიანებულ გუნდში გამოდიოდნენ. საქართველოს ნაკრებს ასეთი ფორმატით ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე აღარ უასპარეზია. ამჯერად კი, მას შემდეგ, რაც ქალთა ნაკრებიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, საქართველოს ნაკრებმა გადაწყვიტა ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატში გამოსვლა და პირველსავე ჯერზე ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

შედეგები