ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მედალი მესამე ოლიმპიადაზე მოიპოვა. ტოკიოში მიმდინარე ოლიმპურ თამებზე იგი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამით, ლაშა ოლიმპიურ თამაშებზე უკვე სამივე სინჯის თითო მედალს ფლობს. (ოქრო - 2012, ბრინჯაო - 2016, ვერცხლი - 2020).
ტოკიოს ოლიმპიადაზე 73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველ წრეში, როგორც განთესილმა დაისვენა, ხოლო შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ფრანგი, ჯიბუტელი და კანადელი ძიუდოისტები, ნახევარფინალში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს სამხრეთ კორეელ ჩანგრიმ ანს მოუგო. ფინალში კი თითქმის ათწუთიან დაპირისპირებაში ვერაფერი გააწყო ოლიმპიურ ჩემპიონთან იაპონელ შოჰეი ონოსთან, ვისთანაც წინა ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში დამარცხდა.
ლაშა შავდათუაშვილმა ივნისში ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რითაც გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც სამივე დიდი შეჯიბრების (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი) ოქროს მედალს ფლობს. ორ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი აქამდე, ლაშასთან ერთად, მხოლოდ ლეგენდარულ შოთა ჩოჩიშვილს ჰქონდა მოპოვებული. მესამე ოლიმპიური მედლის მოპოვებით ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოს ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. იგი მსოფლიოში გახდა მე-15 ძიუდოისტი, რომელიც სამ ოლიმპიურ მედალს ფლობს.