Share


ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

2021-06-08 21:40:31

ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ფლობს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს. მედლების სრული კომპლექტაციისთვის მას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აკლდა და ოქროს მედალი ლაშამ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა შვედი ტომი მაციასი გაფრთხილებებით დაამარცხა. მანამდე კი ხუთი შეხვედრა მოიგო, მათ შორის მეოთხედფინალში მასპინძელ მიკლოშ უნგვარისთან, ვისაც 9 წლის წინ ოლიმპიური თამაშების ფინალში შეხვდა.

ქართული ძიუდოს ისტორიაში არიან სპორტსმები, რომლებმაც მოიპოვეს ოლიმპიური ოქრო, მაგრამ ვერ შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, ან მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო, მაგრამ ვერ მოიგეს ოლიმპიადა. აქამდე ერთადერთი ძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიადაც და მსოფლიოს ჩემპიონატიც მოგებული ჰქონდა იყო ირაკლი ცირეკიძე, მაგრამ მან კარიერა ისე დაასრულა, რომ ვერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ლაშა შავდათუაშვილმა კი 2012 წელს ლონდონში 20 წლის ასაკში მოიგო ოლიმპიური თამაშები, ერთი წლის შემდეგ - ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2021 წელს აქვე უკვე მსოფლიოს ჩემპიონატი. ლაშა ასევე ფლობს კიდევ ერთ ოლიმპიურ მედალს ბრინჯაოს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი -66კგ წონით კატეგორიაში გახდა. მომდევნო ოლიმპიური მედალი და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო კი მან -73კგ წონით კატეგვორიაში მოიპოვა.