Share


გუნდური პირველი ადგილი თელ-ავივში

2021-02-20 20:58:28

საქართველოს ძიუდოისტმა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე 8 მედალი მოიპოვა, რაც ჩვენი ნაკრებისთვის გრან სლემების ისტორიაში სარეკორდო შედეგია. ვაჟთა შორის 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრები გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი თელ-ავივში საქართველოს ნაკრებს ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოუტანა.

ტურნირის გამარჯვებულები ლაშა ბექაური (-90კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალს თემუ ნოზაძე (-60კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ნუგზარ ტატალაშვილმა (-73კგ), ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ), ილია სულამანიძემ (-100კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ).

შეჯიბრების დასკვნით მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ექვსმა ძიუდოისტმა იასპარეზა და ექვსივემ მოიპოვა ფინალურ ბლოკში ასპარეზობის უფლება.

ლაშა ბექაურმა კარიერაში პირველად გაიმარჯვა გრან სლემზე. ფინალში მან მსოფლიოს რეიტინგის პირველ ნომერს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს სძლია. ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალში მოულოდნელი მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო და დარჩენილი ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.

-100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ერთმანეთთან მოუწიათ დაპირისპირება ონისე სანებლიძეს და ილია სულამანიძეს. გამარჯვება უფროსთა შეჯიბრებების დებიუტანტს სულამანიძეს დარჩა. არადა, ონისე სანებლიძემ ნახევარფინალამდე საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხა.

+100კგ-ში კარიერაში თავისი პირველი გრან სლემი მოიგო გელა ზაალიშვილმა, რომელმაც ფინალში რუს ტამერლან ბაშაევს მოუგო. ქართველ ძიუდოისტებს ამ წონაში ნახევარფინალში ერთმანეთთან მოუწიათ დაპირისპირება. ზაალიშვილმა გურამ თუშიშვილს გაფრთხილებებით მოუგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თუშიშვილმა იოლად გაიმარჯვა.

შეჯიბრების მეორე დღეს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც -81კგ-ში ოთხწლიანი ასპარეზობის შემდეგ -73კგ წონით კატეგორიას დაუბრუნდა.