Share


ისტორიული მედალი გრან სლემზე

2021-02-18 19:57:54

თელ-ავივის გრან სლემზე შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეთერ ლიპარტელიანის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, რადგან ეს მედალი ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში გრან სლემზე მოპოვებული პირველი მედალია. აქამდე საერთაშორისო ფედერაციის ტურის შეჯიბრებებში ქართველ ძიუდოისტ ქალებს მედლები მხოლოდ გრან პრის რანგის შეჯიბრებებში ჰქონდათ მოპოვებული. ეთერ ლიპარტელიანმა თელ-ავივში -57კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონელი იულია კოვალჩიკი დაამარცხა. აღსანიშნავია ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვება მეოთხედფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონთან უნგრელ ჰედვიგ კარაკაშთან. ქართველი ძიუდოისტი შემდეგ ნახევარფინალში ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან მასპინძელ ტიმნა ნელსონ ლევისთან დამარცხდა. გრან სლემზე მოპოვებული ამ წარმატებით ეთერ ლიპარტელიანმა თავის მსოფლიო რეიტინგს 500 ქულა მიამატა და ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრის რეალური კანდიდატი გახდა.

ვერცხლის მედლის მფლობელი -60კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე გახდა, რომელმაც ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო, მაგრამ გადამწყვეტ დაპირისპირებაში ვერაფერს გააწყო აზერბაინაჯელ დავუდ მამადსოისთან.

საქართველოს ნაკრებიდან ამ დღეს -66კგ-ში ორმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ზვიად ბაზანდარაშვილი მეორე შეხვედრაში დამარცხდა. ბაგრატ ნინიაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო.