Share


ლიპარტელიანის მესამე ოქრო მასტერსზე

2021-01-13 23:28:07

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰას მასტერსზე ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეჯიბრების მესამე დღეს ტურნირის გამარჯვებული ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, რომელმაც -100კგ წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ზელიმ კოცოევი დაამარცხა. ლიპარტელიანმა ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონს ისრაელის წარმომადგენელს პეტერ პალჩიკს სძლია და რევანში აიღო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო. მანამდე კი ასევე დაამარცხა რუსი ბილალოვი და უზბეკი ხურამოვი. ვარლამ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება მასტერსი სამჯერ აქვს მოგებული. მან ეს ტურნირი  2017 და 2018 წლებშიც მოიგო.

მასტერსის მესამედ მოგებასთან ახლოს იყო ბექა ღვინიაშვილი, მაგრამ -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდთან დამარცხდა. არადა, მან ფინალამდე საკმაოდ რთული ბადე გაიარა - აჯობა შვედ ნიმანს, იაპონელ მუკაის, გერმანელ ტრიპელს და თურქეთის წარმომადგენელს ზგანკს.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 20 წლის ლაშა ბექაურმა, რომელმაც წინა 2019 წელს ჩატარებული მასტერსი სენსაციურად მოიგო. ბექაურმა პირველ წრეში სძლია ისრაელის წარმომადგენელს კოხმანს, შემდეგ დაამარცხა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი სერბი მაიდოვი, ხოლო მეოთხედფინალში დამარცხდა რუს იგოლნოკოვთან. რეპეშაჟში აჯობა მონღოლ განტულგას, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ღვინიაშვილის მიერ ნახევარფინალში დამარცხებულ ზგანკს მოუგო.

ამავე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა +100კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. გურამ თუშიშვილი, რომელიც ავადმყოფობის გამო ტურნირისთვის სათანადოდ ვერ მოემზადა, რუს კრივობოკოვთან გამარჯვების შემდეგ, კორეელ კიმთან დამარცხდა. თავისი პირველი შეხვედრები მოიგეს ლევან მატიაშვილმა და გელა ზაალიშვილმა, მაგრამ მეორე წრიდან შეჯიბრს ორივე გამოეთიშა. მატიაშვილმა მომავალ ფინალისტთან რუს ტასოევთან წააგო, ხოლო ზაალიშვილმა - ტურნირის გამარჯვებულთან ფრანგ რინერთან.

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების შემდეგ მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად დაასახელა. 

საქართველოს ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე სამხრეთ კორეის ნაკრები გავიდა, რომელმაც 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

სრული შედეგები