Share


ტატო გრიგალაშვილმა მასტერსი მოიგო

2021-01-12 23:41:32

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებული გახდა. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრება კარიერაში პირველად მოიგო. შეჯიბრების მეორე დღეს -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა. ფინალამდე კი 4 შეხვედრა მოიგო. ფინალამდე კი 4 შეხვედრა მოიგო. მან ჯერ უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, შემდეგ იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, მეოთხედფინალში რუს ალან ხუბეცოვს სძლია, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ სუნგჰო ლის.

ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ მეოთხე შეჯიბრებაში გაიმარჯვა. შარშან დიუსელდორფის გრან სლემის მოგების შემდეგ, მან წარმატებას მიაღწია 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, უფროსების ევროპის ჩემპიიონატზე და ამჯერად უკვე მასტერსზე. შარშანდელ და ახლადდაწყებულ სეზონში მას ზედიზედ 21 მოგებული შეხვედრა დაუგროვდა და არცერთი არ წაუგია.

ამავე დღეს -73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ისრაელის წარმომადგენელს მეოთხე ნომრად განთესილ ტოჰარ ბუტბულს შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა.

-81კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძეს პირველსავე შეხვედრაში მონღოლეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ექს-ჩემპიონთან ირანელ საეიდ მოლაისთან მოუწია დაპირისპირება. ქართველი ძიუდოისტი შიდოს იგებდა, მაგრამ შეხვედრის ბოლო წამებზე გდება გაუშვა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

სრული შედეგები