Share


3 ბრინჯაო მესამე დღეს

2020-11-21 23:19:51

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მესამე დღეს  საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა თავის მონაგარს კიდევ 3 ბრინჯაოს მედალი შემატეს: ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100კგ).

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს მოასპარეზე ოთხივე ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა კარგად დაიწყო და ნახევარფინალშიც გააღწია, თუმცა ფინალში ვერც ერთი ვერ გავიდა.

-90კგში ბექა ღვინიაშვილმა მეოთხედფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ნიდერლანდელ ვანტ ენდს მოუგო, ნახევარფინალში დამარცხდა მსოფლიოს ექს-ჩემპიონთან სერბ ნემანია მაიდოვთან, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მსოფლიოს კიდევ ერთი ექს-ჩემპიონი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

+100კგ-ში გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ნახევარფინალში რუს ძიუდოისტებთან დამარცხდნენ. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თუშიშვილმა ოლიმპიური ჩემპონი ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამაცხა, ხოლო მატიაშვილმა ავსტრიელი სტეპან ჰეგი.

-100კგ-ში ევროპის ჩემპიონატზე თავის მეათე მედალთან ახლოს იყო ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ასევე იჭიდავა ნახევარფინალში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მსაჯების სადავო გადაწყვეტილებებმა იგი მედლის გარეშე დატოვა.