Share


ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

2020-11-20 18:27:48

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს სამი მედალი - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი 20 წლის ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელსაც უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა. -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ბულგარელი ივაილო ივანოვი 45 წამში დაამარცხა. მანამდე კი ნახევარფინალში სძლია მსოფლიოს რეიტინგის პირველ ნომერს ბელგიელ მატიას კასეს. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში ქართველ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს და ლუკა მაისურაძეს ერთმანეთთან მოუწიათ დაპირისპირება. ლუკამ შეჯიბრება რეპეშაჟში გააგრძელა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კიდეც.

-73კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს მოუგო, ნახევარფინალში - იტალიელ  ფაბიო ბაზილეს. ფინალში კი, სადაც ფავორიტად მიიჩნეოდა, დამარცხდა მოლდოველ ვიკტორ სტერპუსთან.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მესამე დღეს მედლებისთვის საქართველოს ნაკრების კიდევ 4 ძიუდოისტი იბრძოლებს: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100კგ).