Share


ძიუდოს კლუბი „საგარეჯო - Fighting Film”

2014-06-15 20:04:01

საგარეჯოში დაფუძნდა ძიუდოს კლუბი „საგარეჯო - Fighting Film”, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა და ძიუდოს ფედერაცის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა დააფუძნა. კლუბში გაერთიანებულნი არიან საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ბექა ღვინიაშვილი, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები ახალგაზრდებს შორის უშანგი მარგიანი და ლევან მატიაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის კობა მჭედლიშვილი, ჭაბუკთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი თამაზ კირაკოზაშვილი. კლუბს განზრახული აქვს კიდევ რამოდენიმე ძიუდოისტის დამატება და 2014 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობა.
უფროსი ასაკის ძიუდოისტების გარდა, კლუბში თავმოყრილნი არიან ნორჩი ძიუდოისტებიც. გია ნაცვლიშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს სპორტული ეკიპირება გადასცა. ძიუდოისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ძიუდოსთვის საჭირო ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. კლუბი, აგრეთვე, დააფინანსებს მათ შეკრებებსა და სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობას.