Share


ქართული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

2023-05-11 18:39:44

პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ. დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე -90კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა განთესილებს შორის იყვნენ და შესაბამისად, პირველ წრეში მათ დაისვენეს. შემდეგ ორივემ ოთხი შეხვედრა მოიგო და ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება ლუკა მაისურაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლაშა ბექაურმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი სერბი ნემანია მაიდოვი, რუსეთის წარმომადგენელი მანსურ ლორსანოვი და იაპონელი სანშირო მურაო. ლუკა მაისურაძემ კი სძლია უნგრელ როლანდ გოზს, თურქეთის წარმომადგენელს მიჰაელ ზგანკს, მსოფლიოს ექს-ჩემპიონს ნიდერლანდელ ნოელ ვანტ ენდს და ნახევარფინალში იტალიელ კრისტიან პარლატის, ვისთანაც სწორედ წინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა.

ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ლუკას აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. საბჭოთა პერიოდში მსგავსი რამ მხოლოდ 1989 წელს მოხდა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონები ამირან ტოტიკაშვილი და კობა კურტანიძე გახდნენ.