19 წლის გიორგი სარდალაშვილი უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მედლის მფლობელი გახდა. მან -60კგ წონით კატეგორიაში დოჰაში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეჯიბრების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სარდალაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ერთი წარმომადგენელი ჰყავდა. გიორგი სარდალაშვილი მეხუთე ნომრად იყო განთესილი და სხვა განთესილების მსგავსად პირველ წრეში დაისვენა. პირველი დაპირისპირება მას ზამბიელ საიმონ ზულუსთან მოუწია. მისი დამარცხების შემდეგ ავსტრიელ მარკუს აუერს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მეოთხე ნომრად განთესილი გამოცდილი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი იყო. ესპანელმა გამარჯვება დამატებით დროში მეტოქის შებოჭვით მოიპოვა. სარდალაშვილი დამამშვიდებელ წრეში გადაერთო. მან აქ ყაზახ ნურკანატ სერიკბაევს სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობის უფლებაც მიიღო.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სწორედ სარდალაშვილის დამმარცხებელმა ფრანსისკო გარიგოსმა მოიპოვა, რომელმაც ნახევარფინალში ტიტულოვანი იაპონელი ნაოჰისა ტაკატოც დაამარცხა, ფინალში კი უზბეკ დილშოტბეკ ბარატოვს სძლია.
გიორგი სარდალაშვილს უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა და იგი პირველსავე ცდაზე მედალოსანი გახდა. ახალგაზრდებს შორის გიორგის უკვე აქვს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს და ვერცხლის მედლები. ასაკი მას ჯერ კიდევ აძლევს ახალგაზრდულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას.
გიორგი სარდალაშვილმა ძიუდოში ვარჯიში რუსთავში მწვრთნელ ხვიჩა კაპანაძესთან დაიწყო. შემდეგ ის სავარჯიშოდ თბილისში მწვრთნელ ლექსო ღვინაშვილთან გადავიდა. გიორგი სარდალაშვილი 20 წლის 26 მაისს გახდება.