Share


ილია სულამანიძე პორტუგალიის გრან პრის გამარჯვებულია

2023-01-29 23:08:33

ილია სულამანიძე ახალ სეზონში ჩატარებული პირველივე შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. მან ქალაქ ალმადაში პორტუგალიის გრან პრი მოიგო. -100კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ახალგაზრდა იაპონელი დოტა არაი დამაჯერებლად დაამარცხა.  21 წლის ილია სულამანიძემ ძიუდოს საერთაშორისო ტურის ზედიზედ მეორე შეჯიბრება მოიგო. ერთი თვის წინ მან იერუსალიმში წლის შემაჯამებელ მასტერსზე იმარჯვა და სეზონი მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაასრულა. შესაბამისად, პორტუგალიის გრან პრიზე ის პირველ ნომრად იყო განთესილი. ტურნირს დამატებით ინტრიგას სძენდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ჩეხი ლუკაშ კრპალეკის დაბრუნება -100კგ წონით კატეგორიაში. ჩეხ ძიუდოისტს თავისი ძირითადი ტიტულები სწორემ ამ კატეგორიაში აქვს მოპოვებული, თუმცა ბოლო ოლიმპიური თამეშები მძიმე წონაში მოიგო. ამჯერად, სულამანიძისა და კრპალეკის გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა. ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. კრპალეკმა საბოლოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში, აღსანიშნავია, 19 წლის ერეკლე ბაზიერიშვილის ასპარეზობა. ბაზიერიშვილი ერთი თვის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა. პორტუგალიის გრან პრიზე მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მან სამი შეხვედრა მოიგო, მათ შორის ფრანგ ალექსანდრ იდირთან და ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ აქ იაპონელ ძიუდოისტთან დამარცხდა. საბოლოოდ კი მეშვიდე ადგილზე დარჩა.

პორტუგალიის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმა, რომელიც განთესილებს შორის არ იყო და ფინალამდე საკმაოდ ძნელი გზის გავლა მოუხდა. სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში მან ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა. ფინალში კი სამხრეთ კორეელ მინჯონ კიმთან დამარცხდა. 21 წლის ინანეიშვილისთვის ეს ძიუდოს საერთაშორისო ტურის ფარგლებში ჩატარებულ ტურნირებში მეორე მედალია.

საქართველოს ნაკრების სხვა ძიუდოისტებიდან მედალთან ყველაზე ახლოს გიორგი სარდალაშვილი იყო, რომელიც -60კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ შემდეგ ორი შეხვედრა წააგო და მეხუთზე ადგილზე დარჩა. მეშვიდე ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი დებიუტანტი საქართველოს ჩემპიონი 21 წლის ზაურ დვალაშვილი, რომელიც -81 კგ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ შემდეგ ასევე ორჯერ დამარცხდა.

სრული შედეგები