Share


2 ოქრო 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

2022-10-29 23:20:16

ნიკა ხარაზიშვილი და ილია სულამანიძე 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. საბა ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნიკა ხარაზიშვილმა -90კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო. ერთმანეთის მიყოლებით სძლია ნიდერლანდების, ხორვატიის, საფრანგეთის და ისრაელის წარმომადგენლებს. ფინალში კი უკრაინელი მეტოქე დაამარცხა. ნიკა ხარაზიშვილმა შარშან ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის მოიგო და სხვა ასაკობრივ კატეგორიაში გადასვლისთანავე ევროპის ჩემპიონი უკვე 23 წლამდელთა შორის  გახდა.

ილია სულამანიძემ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. ვაჟთა და ქალთა შორის 14 წონით კატეგორიაში იგი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. ილიამ ფინალამდე სლოვაკი, გერმანელი და იტალიელი ძიუდოისტები დაამარცხა, ხოლო ფინალში შარშანდელის მსგავსად უნგრელ შომბორ ვეგს სძლია.

თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ შეჯიბრებებს დაუბრუნდა საბა ინანეიშვილი, რომელიც ორი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში თურქ ძიუდოისტთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი გერმანელს სძლია და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.