Share


2 ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ დღეს

2022-08-25 17:13:22

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ დღეს 2 ოქროს მედალი მოიპოვა. დავით ქარელი და საბა სამადაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები რამდემე წუთის ინტერვალით გახდნენ.

-60კგ წონით კატეგორიაში დავით ქარელს ფავორიტთა შორის არ ასახელებდნენ, რადგან ერთი თვის წინ სლოვაკეთში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე მხოლოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ მან არად ჩააგდო სპეციალისტთა პროგნოზები და განთესილი ძიუდოისტები ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა. ოქროს მედლის მოსაპოვებლად მას სულ 6 შეხვედრის მოგება დასჭირდა. დავითმა ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვს სძლია, ხოლო ფინალში მეორე ნომრად განთესილ ფრანგ კელვინ რაის.

-66 კგ წონით კატეგორიაში დამაჯერებლად იასპარეზა საბა საბაშვილმა, რომელმაც წლეულს ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც  მოიპოვა. საბა მესამე ნომრად იყო განთესილი და ოქროს მედლის მოსაპოვებლად 5 შეხვედრის მოგება მოუწია. მან ფინალში ლამაზი გდებით დაამარცხა უზბეკი შოჰჯახონ ოტაბოევი.

აღსანიშნავია, რომ ორივე ძიუდოისტი დავით ქარელი და საბა სამადაშვილი გორის ძიუდოს სკოლის აღზრდილია და მწვრთნელ ანზორ თენაძესთან ვარჯიშობს.

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -55კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ დავით ლომიტაშვილი და საბა საბაშვილი.