Share


2 ოქრო და 1 ბრინჯაო ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე

2022-06-25 23:50:38

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ პორეცში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ საბა სამადაშვილი (-66კგ) და გიორგი მიშველიძე (-73კგ). ბრინჯაოს მედალს დავით ლომიტაშვილი (-55კგ) დაეუფლა.

ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ოთხმა წარმომადგენელმა იასპარეზა, მაგრამ მედალი მხოლოდ დავით ლომიტაშვილმა მიოიპოვა. იგი სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში დამარცხდა, მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრა ლამაზი გდებით მოიგო და ბრინჯაოს მედალოსანიც გახდა.

-50კგ-ში ლუკა მაისურაძე მერვედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ორ შეხვედრაში გაიმარჯვა, მაგრამ მესამე ადგილისთვის პაექრობაში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

-60კგ წონით კატეგორიაში დავით კევლიშვილი, ხოლო -48კგ წონით კატეგორიაში თამარ გიგოლაევი პირველსავე შეხვედრებში დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

ჩემპიონატის მეორე დღეს ვაჟთა შორის შეჯიბრება 2 წონით კატეგორიაში ჩატარდა და ორივეში გამარჯვებულები საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები გახდნენ. -66კგ-ში დამაჯერებლად იასპარეზა საბა სამადაშვილმა, რომელმაც ჯამში ხუთი შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამავე წონაში მეორე შეხვედრაში დამარცხდა ნიკა მორბედაძე და შეჯიბრებას გამოეთიშა.

-73კგ-ში გამარჯვებული გახდა გიორგი მიშველიძე, რომელსაც ოქროს მედლის მოსაპოვებლად ასევე ხუთი შეხვედრის მოგება მოუხდა. ამავე წონაში მეორე შეხვედრაში დამარცხდა ლუკა ჯავახიშვილი და ტურნირს გამოეთიშა. -57კგ-ში მოუგებლად დაასრულა ასპარეზობა ნინო დარჩიამ.

მესამე დღეს ვაჟებში შეჯიბრება სამ წონით კატეგორიაში გაიმართა. -81კგ-ში მათე ჩაფურიშვილი მეორე შეხვედრაში დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა. -90კგ წონით კატეგორიაში მსაჯების აშკარა შეცდომის გამო პირველ შეხვედრაში დამარცხდა ნოდარ ალაფიშვილი. შეცდომა შემდეგ მსაჯებმაც აღიარეს, მაგრამ ალაფიშვილმა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. +90კგ-ში კი პირველსავე შეხვედრაში ტრავმა მიიღო თამაზ ბიგანაშვილმა, რის გამოც ჩემპიონატს გამოაკლდა. -70კგ-ში პირველივე შეხვედრა წააგო ლიზი ქვარცხავამ.