Share


მაისურაძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო

2022-05-01 22:09:51

ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც -90კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. აქამდე მაისურაძეს ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული და ორივე -81კგ წონით კატეგორიაში. ახალ წონაში მან კონტინენტის პირველობაზე პირველად იასპარეზა და გამარჯვებულიც გახდა.

გურამ თუშიშვილს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა +100კგ-ში მესამედ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ნახევარფინალში შეცდომა წაგებად დაუჯდა და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ამავე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა იასპარეზა. ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც -100კგ-ში განთესილთა შორის იყო და პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ რვა საუკეთესოს შორის მოხვდა, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში და რეპეშაჟში შეხვედრები წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ილია სულამანიძემ და სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს და მედლებისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მეორე - ნიდერლანდებმა.