Share


გუნდური პირველი ადგილი ანტალიაში

2022-04-04 00:20:53

საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან სლემზე ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა შეჯიბრებაზე 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ტერაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს კი ლუხუმ ჩხვიმიანი და ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 19 წლის გიორგი ტერაშვილის წარმატება, რომელიც მსგავსი რანგის შეჯიბრებაში პირველად მონაწილეობდა და იგი -73 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტთა შორის არც განიხილებოდა. ფინალში მან იტალიელი მანუელ ლომბარდო ლამაზი იპონით დაამარცხა. მანამდე კი 5 შეხვედრა მოიგო, მათ შორის  ტურნირის პირველ ნომერთან ყაზახ ჟანსეი სმაგულოვთან. გიორგი ტერაშვილი ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოს რეიტინგში 101-ე პოზიციაზე იყო. ანტალიის გრან სლემის შემდეგ კი 29-ე პოზიციამდე დაწინაურდა.

ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც წლეულს უკვე მეორე გრან სლემი მოიგო. +100კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. გურამ თუშიშვილს ტურნირის მოსაგებად სულ ხუთი შეხვედრის მოგება დასჭირდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოვიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელმაც -60კგ წონითი კატეგორიის ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო. ფინალში კი ვერაფერი გააწყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტთან ტაიპეელ იუნ ვეი იანგთან. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა ჯაბა პაპინაშვილი.

-90კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ლუკამ მთელი ტურნირის განმავლობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მსოფლიო რეიტინგში უკვე მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.