Share


4 მონაწილე - 4 მედალი

2021-10-17 23:01:43

საქართველოს ნაკრებმა ძიუდოისტებმა პარიზის გრან სლემზე 4 შესაძლებლობიდან 4 მედალი მოიპოვეს.

პარიზის გრან სლემზე, რომელიც ამჯერად არატრადიციულად ოქტომბერში ჩატარდა, საქართველოს ნაკრების სულ ოთხმა ძიუდოისტმა იასპარეზა და ოთხივემ მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.

-81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი პირველ ნომრად იყო განთესილი და გამარჯვების ერთ-ერთ კანდიდატადაც მიიჩნეოდა. ტატომ ორი შეხვედრის მოგების შემდეგ ნახევარფინალში იაპონელი სოტარო ფუჯივარა დაამარცხა, მაგრამ ფინალში ვერაფერს გახდა კიდევ ერთ იაპონელთან ტაკეში სასაკისთან. ტატო გრიგალაშვილმა პარიზში მოპოვებული მეორე ადგილით მსოფლიო რეიტინგს დამატებითი ქულები შესძინა და რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

-57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველ ნომრად იყო განთესილი. მან ერთადერთი შეხვედრა მეოთხედფინალში წააგო ფრანგ ფაიზა მოკდართან. თანდათან აუღო ალღო ახალ წონით კატეგორიას ლუკა მაისურაძემ, რომელიც -90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და ზედიზედ მეორე ტურნირია მედლის გარეშე არ რჩება. გრან სლემზე თავისი კარიერაში პირველი მედალი მოიპოვა ონისე სანებლიძემ, რომელიც -100კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ტურნირში იგეგმებოდა ვაჟარ მარგველაშვილის ასპარეზობა, მაგრამ შეჯიბრების დღეს ვაჟამ თავი შეუძლოდ იგრძნო და იგი ტატამზე აღარ გამოსულა.