Share


4 ოქროს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

2021-10-09 19:14:29

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე არსებობის ისტორიაში თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა - იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აქამდე ქართველი ახალგაზრდებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი 2 ოქროს მედალი იყო. შეჯიბრების ბოლო დღეს მსოფლიოს ჩემპიონები ილია სულამანიძე და საბა ინანეიშვილი გახდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე დღეს ვაჟთა შორის შეჯიბრება -100კგ და +100კგ წონით კატეგორიებში გაიმართა და ორივეში გამარჯვებულები ქართველი ძიუდოისტები გახდნენ.

-100კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ილია სულამანიძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში უზბეკი შუხრობ რაჯაბოვი დაამარცხა. მანამდე კი სამი შეხვედრა მოიგო, მათ შორის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრთან მიხეილ ჯაფარიძესთან. ილია სულამანიძე პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. იგი აქამდე უკვე ფლობდა უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს.

+100კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული საბა ინანეიშვილი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ამჯერად, სწორედ ფინალში აიღო რევანში უნგრელ რიჩარდ შიპოჩთან. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა, რომელმაც ჩემპიონატზე ერთადერთი შეხვედრა სწორედ უნგრელ ძიუდოისტთან წააგო.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში  პირველი ადგილი დაიკავა.