Share


ისტორიული შედეგი ოლიმპიადაზე

2021-07-30 13:09:27

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 1 ოქროს და  3 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ქართველ ძიუდოისტებს აქამდე ოლიმპიურ თამაშებზე ორ მედალზე მეტი არასოდეს მოუპოვებიათ, ეს ეხება როგორც საბჭოთა ხანას, ისე დამოუკიდებელი გუნდით ასპარეზობას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიადებზე საქართველოს ასეთი ტიტულოვანი და ძლიერი ნაკრები არასოდეს ჰყოლია. ვაჟთა ნაკრების შვიდივე წევრი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი, ამავე დროს, მსოფლიოს ჩემპიონები არიან. ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიადებზე აქამდე ოქრო და ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული, ვარლამ ლიპარტელიანი კი ოლიმპიადის ვერცხლის მედლის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ექვს მედალს ფლობს. მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორები არიან, აგრეთვე ტატო გრიგალაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.

ამ შვიდი ძიუდოისტიდან ექვსმა ტოკიოში ნახევარფინალში იჭიდავა. ერთადერთი, რომელმაც ნახევარფინალს ვერ უწია ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ) იყო, რომელიც მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან დაძაბულ  ბრძოლაში დამარცხდა. სხვათა შორის, შემდეგ ტაკატომ აღიარა, რომ მისთვის ყველაზე ძნელი ამ ოლიმპიადაზე არა ფინალი, არა ნახევარფინალი, არამედ სწორედ მეოთხედფინალი იყო. ყველაზე დიდი ემოცია, მან სწორედ ჩხვიმიანთან გამარჯვების შემდეგ გამოხატა.

ტოკიოში ოლიმპიურ ჩემპიონი -90კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, რომელსაც 21 წელი ჩემპიონობამდე ორი დღით ადრე შეუსრულდა და რომელმაც ოლიმპიადის საგზური თანაგუნდელ ბექა ღვინიაშვილთან კონკურენციაში მას შემდეგ მოიპოვა, რაც იგი აპრილში ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა. ლაშა ბექაური ქართული ძიუდოს ისტორიაში მეშვიდე ოლიმპიური ჩემპიონია.

1972  - შოთა ჩოჩიშვილი,

1980 - შოთა ხაბარელი,

1992 - დავით ხახალეიშვილი,

2004 - ზურაბ ზვიადაური,

2008 - ირაკლი ცირეკიძე,

2012 - ლაშა შავდათუაშვილი,

2020 - ლაშა ბექაური.

ტოკიოში ვერცხლის მედლების მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) გახდნენ.

ვაჟა მარგველაშვილისთვის ოლიმპიურ თამაშებზე ეს პირველი მედალია. მან ოლიმპიადაზე მშვენივრად იასპარეზა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა იაპონელ ჰიფუმი აბესთან. ასევე, იაპონელთან ოლიმპიურ ჩემპიონთან შოჰეი ონოსთან წააგო ფინალი ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა. იგი უკვე ოლიმპიადების სამივე სინჯის მედლის მფლობელია და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედალი მოიპოვა. ახლოს იყო ოლიმპიურ ჩემპიონობასთან გურამ თუშიშვილი, რომელსაც კარგად მიჰყავდა ფინალური შეხვედრა ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან, მაგრამ ჩეხმა ქართველს მცირე შეცდომა არ აპატია და თავად მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. 21 წლის ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) და 32 წლის ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ ბრინჯაოს მედლის შეხვედრისთვის ვეღარ განეწყვნენ და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდნენ.

ასევე, აღნიშვნის ღირსია საქართველოს ქალთა ნაკრები. ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ორი ქალი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი. ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა ოლიმპიური ლიცენზია კონტინენტური კვოტით მიიღო. ეთერ ლიპარტელიანმა კი უკვე დაიმკვიდრა ადგილი ელიტარულ ძიუდოისტებს შორის. მას ლიცენზიის მოპოვება არ გასჭირვებია და ოლიმპიურ მედალთანაც ძალიან ახლოს იყო. მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

ძიუდო ერთადერთი სპორტის სახეობაა საქართველოში, სადაც ქართველ სპორტსმენებს ერთი მედალი მაინც ყველა ოლიმპიურ თამაშებზე აქვთ მოპოვებული. ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი გუნდით ასპარეზობის შემდეგ საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი სწორედ ძიუდოისტმა მოუტანა, როდესაც 1996 წელს ატლანტაში სოსო ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადებზე საქართველოსთვის პირველი ვერცხლის მედალიც ძიუდოისტის ანგარიშზეა. 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ნესტორ ხერგიანი ფინალში დამარცხდა ლეგენდარულ ტადაჰირო ნომურასთან, რომელიც მსოფლიოში დღემდე რჩება ერთადერთ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ძიუდოისტად. იმავე თამაშებზე დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური გახდა.

ძიუდო ჩვენი სპორტია! გიყვარდეს საქართველო!