Share


გურამ თუშიშვილის ვერცხლი ტოკიოში

2021-07-30 12:59:40

საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. გურამ თუშიშვილი +100კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ახლოს იყო, მაგრამ ფინალურ შეხვედრაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკის წინააღმდეგობა ვერ დაძლია. თუშიშვილი შეხვედრაში უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს ორი შიდოც მიაღებინა, მაგრამ ბოლო წუთზე ჩეხმა ქართველ ძიუდოისტს მცირე შეცდომა არ აპატია და თავად მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

გურამ თუშიშვილმა პირველ შეხვედრაში ტაჯიკი ტემურ რახიმოვი დაამარცხა. შემდეგ მეოთხედფინალში მოუგო ბრაზილიელ რაფაელ სილვას და ნახევარფინალში დაუპირისპირდა რუსეთის წარმომადგენელს ტამერლან ბაშაევს, რომელმაც მეოთხედფინალში სენსაციურად დაამარცხა ფრანგი ტედი რინერი. ქართველი ძიუდოისტი ბაშაევთან შეხვედრას აგებდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი გდება შეასრულა და ფინალში გავიდა. გურამ თუშიშვილმა საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე მეოთხე მედალი მოუტანა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ტოკიოში ასპარეზობა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით დაასრულა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.