Share


ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

2021-07-28 15:42:05

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა და ოლიმპიურ თამაშებზე მყოფ ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც -90კგ წონით კატეგორიაში მეოთხე ნომრად იყო განთესილი, ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. მანამდე კი ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველი გამარჯვება მან პოლონელ პიოტრ კუჩერასთან მოიპოვა. შემდეგ სძლია ისრაელის წარმომადგენელს ლი კოხმანს. მეოთხედფინალში გაიმარჯვა უზბეკ დავლატ ბობონოვთან, ხოლო ნახევარფინალში აჯობა რუს მიხაილ იგოლნიკოვს.

აღსანიშნავია, რომ თვენახევრის წინ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობისას ლაშა ბექაურმა ტრავმა მიიღო და მისი ტოკიოს ოლიმპიადაზე გამგზავრების საკითხიც კი კითხვის ქვეშ დადგა, მაგრამ ექიმების ძაილსხმევით და მწვრთნელთა მონდომებით იგი ოლიმპიადას მაინც სათანადოდ მომზადებული შეხვდა.

ლაშა ბექაურმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე მესამე მედალი მოუტანა, რაც ქართველ ძიუდოისტებს აქამდე არც ერთ ოლიმპიადაზე არ მოუხერხებიათ.

ლაშა ბექაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოდანაა. მან ვარჯიში თავისივე რაიონში კახა წიკლაურთან დაიწყო, ხოლო შემდეგ თბილისში ლექსო ღვინაშვილთან გააგრძელა. იგი ფლობს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ასაკში. უფროსებში გადასვლის შემდეგ მოიპოვა ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება და ქართული ძიუდოს ისტორიაში გახდა მეშვიდე ოლიმპიური ჩემპიონი.