Share


ორი ბრინჯაო ერთ წონაში

2021-06-11 23:46:05

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე დღეს ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა. მედალოსნები ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გახდნენ. ამ დღეს ბუდაპეშტში -100კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტების შეჯიბრება გაიმართა. ვარლამ ლიპარტელიანი, როგორც მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი პირველ ნომრად იყო განთესილი. განთესვის მიუხედავად, მას საკმაოდ ძლიერი ჯგუფი შეხვდა. ლიპარტელიანმა პირველ შეხვრდრაში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა, შემდეგ სძლია იაპონელ კენტარო იიდას, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ ფინალისტთან სერბ ალექსანდრ კუკოლისთან. ლიპარტელიანმა რეპეშაჟში აჯობა რუს არმან ადამიანს, მესამე ადგილისთვის შეხვედარში კი ნიდერლანდელ მიხაელ კორელს. 32 წლის ვარლამ ლიპარტელიანმა თავის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეექვსე მედალი მოიპოვა. (3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო).

მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი პირველი მედალი მოიპოვა 19 წლის ილია სულამანიძემ, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა. ილიამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი შადი ელნაჰასი დაამარცხა. მანამდე კი სძლია საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს - ბოლო ოლიმპიური თამაშების ფინალისტს აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორს მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს, აგრეთვე თურქ მერტ სისმაინლარს და ფრანგ ალექსანდ იდირს. ერთადერთი შეხვედრა ილიამ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან წააგო.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე 4 მედალი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მანამდე ქართველმა ძიუდოისტემა 4 მედალი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1989 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეს. (2 ოქრო, 1 ვერცხლი 1 ბრინჯაო).

საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.