Share


გუნდური პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

2021-04-19 02:45:41

საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონი 20 წლის ლაშა ბექაური გახდა, რომელიც ევროპის  ჩემპიონატის დებიუტანტი იყო. -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში მას ბექა ღვინიაშვილთან მოუწია დაპირისპირება. ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილს შეხვდა.

ლაშა ბექაურმა ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო. მან მეოთხედფინალში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში - თურქეთის სახელით მოსპარეზე მიჰაელ ზგანკი. ფინალამდე ასევე ოთხი შეხვედრა მოიგო ბექა ღვინიაშვილმა. მან მეოთხეფინალში უნგრელი კრიშტიან ტოტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში რუს მიხაელ იგოლნიკოვს მოუგო. -90კგ წონითი კატეგორიის ფინალი ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი იყო, სადაც ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ.

-100კგ-ში მხოლოდ ფინალში დამარცხდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელსაც ბელგიელმა ტომა ნიკიფოროვმა აჯობა. ვარლამ ლიპარტელიანისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მეათე მედალია და ამით ის ქართული ძიუდოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.

ამავე წონაში მედლამდე ცოტა დააკლდა ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტს 19 წლის ილია სულამანიძეს, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრა გამოცდილ ფრანგთან ალექსანდრ იდირთან დათმო. მანამდე კი ისეთი ძიერი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც არიან ნიდერლანდელი მიხაელ კორელი, ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი, მაგრამ ნახევარფინალში წააგო მომავალ ჩემპიონთან ტომა ნიკიფოროვთან.

+100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა გურამ თუშიშვილი, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნიდერლანდელი როი მეიერი დაამარცხა. თუშიშვილი ნახევარფინალში რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს შეჯიბრების პირველ დღეს ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა. შედეგად საქართველოს ნაკრები მოპოვებული მედლებით ვაჟთა შორის საუკეთესო აღმოჩნდა.