Share


ოქრო და ორი ვერცხლი პირველ დღეს

2021-03-26 19:16:01

თბილისის გრან სლემზე შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებული თემურ ნოზაძე გახდა. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ეთერ ლიპარტელიანი და ვაჟა მარგველაშვილი.

-60კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრები სამი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი, თუმცა შაქრო შათირიშვილი და ლაშა ჩადუნელი შეჯიბრების ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ. თემურ ნოზაძემ კი ზედიზედ 5   მოიგო და კარიერაში პირველად გახდა გრან სლემის გამარჯვებული.

-66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პირველ ნომრად იყო განთესილი და ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტადაც მიიჩნეოდა. მან დამაჯერებლად მოიგო ოთხი შეხვედრა, ფინალში კი დამარცხდა უზბეკ სარდორ ნურილაევთან.

ამ წონაში ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრების წევრები ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ. ნინიაშვილმა დამარცხების შემდეგ მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა, მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. ბექა წიფიანმა, რომელსაც გრან სლემზე დებიუტი ჰქონდა, ერთი შეხვედრა მოიგო, მაგრამ მეორე შეხვედრაში დამარცხებით შეჯიბრებას გამოეთიშა.

ეთერ ლიპარტელიანი კი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან -57კგ წონით კატეგორიაში მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმო კოსოვოელ ნორა გჯაკოვასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიპარტელიანის გამარჯვება ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან კანადელ კრისტა დეგუჩისთან. ეს ეთერ ლიპარტელიანის მიერ გრან სლემზე მოპოვებული ზედიზედ მეორე მედალია. თებერვალში მან ბრინჯაოს მედალი თელ-ავივის გრან სლემზე მოიპოვა.

-52კგ წონით კატეგორიაში მედალთან ახლოს იყო ტეტიანა-ლევიცკა შუკვანი, რომელმაც ნახევარფინალში გააღწია, მაგრამ შემდეგ ორი შეხვედრა წააგო და მხოლოდ საოლიმპიადო რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს დასჯერდა. ამავე წონაში ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი.

სრული შედეგები