Share


ფანტასტიკური შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

2019-09-14 19:42:50

ფანტასტიკური შედეგი ევროპის ჩემპიონატზე! 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რაღა თქმა უნდა, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ოქროს მედლები მოიპოვეს ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც კი მონაწილეობდნენ. სულ შვიდი წონითი კატეგორიიდან ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა ხუთში იასპარეზეს და ხუთივეში ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ჩემპიონი ძიუდოს ფედერაციის პროგრამის „გამოწვევა 2020“-ის მონაწილეა, რომლის ხელმძღვანელია დავით ქევხიშვილი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი. ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია. ვერცხლის მედალი -81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა დაისაკუთრა. ხოლო ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ: მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ). ვაჟთა და გოგონათა გაერთიანებული გუნდების შეჯიბრში ჩვენმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვულოცავთ ამ შესანიშნავ გამარჯვებას ქართველ ძიუდოისტებს და ახალგაზრდული და ქალთა ნაკრების მწვრთნელებს ლაშა გუჯეჯიანს, გიგა ბოჭოიძეს, გიორგი თენაძეს, კახა მოცრაძეს და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში.