Share


2 ოქრო და 3 ბრინჯაო ზაგრებში

2019-07-28 23:29:32

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ზაგრების გრან პრიზე 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ვაჟთა შორის საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ), ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ).

განსაკუთრებით აღსანიშნავია 19 წლის გელა ზაალიშვილის წარმატება, რომელმაც წლეულს უფროსებში უკვე მეორე დიდი შეჯიბრი მოიგო, პირველად მან ბაქოს გრან სლემზე იმარჯვა. ხორვატიაში ზაალიშვილმა საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხა. ფინალში კი რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ჰისაიოში ჰარასავას სძლია.

ამ სეზონში პირველი ტურნირი მოიგო ბექა ღვინიაშვილმა, რომელსაც ტურნირის მოსაგებად ორი იაპონელი ძიუდოისტის ძლევა დასჭირდა. ღვინიაშვილისთვის ეს კარიერაში მოგებული მეექვსე გრან პრია.

აღსანიშნავია ეთერ ლიპარტელიანის წარმატება, რომელმაც კარიერაში გრან პრიზე პირველი მედალი მოიპოვა და დაიწყო ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ჩასათვლელი ქულების დაგროვება.