Share


2 ოქრო აბუ-დაბის გრან სლემზე შეჯიბრის პირველ დღეს

2018-10-28 06:21:47

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ-დაბის გრან სლემზე შეჯიბრის პირველ დღეს 2 ოქროს მედალი მოიპოვა. გრან სლემის გამარჯვებულები ამირან პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი გახდნენ. ამ დღეს შეჯიბრი ვაჟებში სულ ორ წონაში ჩატარდა და ორივეში გამარჯვებულები ქართველი ძიუდოისტები გახდნენ. ამირან პაპინაშვილმა -60კგ წონითი კატეგორიის ფინალში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან გაიმარჯვა. მანამდე კი სამი შეხვედრა მოიგო, მათ შორის რუსეთის წარმომადგენელთან ოლიმპიური ჩემპიონ ბესლან მუდრანოვთან. ამირან პაპინაშვილმა აბუ-დაბის გრან სლემი კარიერაში მეორედ მოიგო. სულ კი გრან სლემებზე ეს მისი მესამე აგამარჯვებაა.

ვაჟა მარგველაშვილმა -66კგ წონითი კატეგორიის ფინალში წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ყაზახი იერლან სერიკჟანოვი დაამარცხა. ფინალამდე კი სამ შეხვედრაში იმარჯვა. ვაჟა მარგველაშვილს კარიერაში სამჯერ ჰქონდა მოგებული გრან პრი, მაგრამ შედარებით მაღალი რანგის შეჯიბრზე გრან სლემზე ეს მისი პირველი გამარჯვებაა.