Share


საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა

2018-10-24 11:35:27

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა. სასტუმრო „ბილტმორში“ ჩატარებულ ფედერაციის ყრილობაზე დამსწრე 41 დელეგატიდან  ფარული კენჭისყრით მას ხმა 40-მა დელეგატმა მისცა. (სულ ყრილობაზე მოწვეული იყო 46 დელეგატი). გიორგი ათაბეგაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. სხვა კანდიდატებმა გიორგი ალექსიძემ, დავით ხახუტაშვილმა და დავით ქევხიშვილმა კანდიდატურები ყრილობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნეს, ხოლო დავით ხახალეიშვილმა - რამდენიმე დღით ადრე.

დელეგატებმა მხარი დაუჭირეს ახალი პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ფედერაციას ოთხის ნაცვლად ამიერიდან ხუთი ვიცე-პრეზიდენტი ყჰავდეს. ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს: ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი, ცეზარ ჩოჩელი და თენგიზ ხუბულური. გენერალური მდივნის პოსტი, რომელსაც აქამდე გიორგი ათაბეგაშვილი იკავებდა, ვაკანტური დარჩა და ეს საკითხი მოგვიანებით აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება. ყრილობამ დაამტკიცა აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა.

ყრილობას ესწრებოდა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მარიუს ვიზერის მიერ მოვლინებული დამკვირვებელი მიშელ უეტი, რომელმაც თავად გადათვალა საარჩევნო ბიულეტენები და ყრილობის ჩატარებას დადებითი შეფასება მისცა.