ევროპის ჩემპიონატი – მესამე დღე
ირაკლი ცირეკიძისა და ლაშა გუჯეჯიანის ვერცხლი

ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 90 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე ირაკლი ცირეკიძე გავიდა, მძიმე წონაში კი _ ლაშა გუჯეჯიანი. ორივე ძიუდოისტისთვის ეს ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი მედალია.
100 კგ წონით კატეგორიაში მედლამდე ცოტა დააკლდა ლევან ჟორჟოლიანს, რომელიც მეხუთე ადგილზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში ვაჟებს შორის მედლების რაოდენობის მიხედვით 5 მედლით საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ნაკრების შემადგენლობიდან უმედლოდ მხოლოდ ჩემპიონატის 2 დებიუტანტი დარჩა.
ირაკლი ცირეკიძემ როგორც იქნა ნავსი გატეხა და ოფიციალური შეჯიბრიდან უმედლოდ არ დაბრუნდა. მას კარგი შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოეპოვებინა, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური განწყობისთვის ამ ეტაპზე ვერცხლის მედალიც კარგი შედეგია.
ირაკლი ცირეკიძემ პირველ და მეორე წრეში შესაბამისად ხორვატ ტომისლავ ვუჩაკს და თურქ ბურჰან კოჩანს სძლია. შემდეგ მოუგო იტალიელ რობერტო მელონის, ნახევარფინალში კი _ ესპანელ დევიდ ალარსას. იტალიელმაც და ესპანელმაც შემდეგ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ქართველი მოჭიდავე კი ფინალში გამოცდილ უკრაინელს ევროპის ორგზის ჩემპიონს ვალენტინ გრეკოვს შეხვდა და მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა.
კარგი შთაბეჭდილება დატოვა ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ლევან ჟორჟოლიანმა, რომელიც მედლის გარეშე, შეიძლება ითქვას, გამოუცდელობის გამო დარჩა. აზერბაიჯანელი მოვლუდ მირალიევისა და სლოვენიელი პრიმოზ ფერჯანის დამარცხების შემდეგ იგი ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც მისი მეტოქე ევროპის შარშანდელი ჩემპიონი რუსეთის წარმომადგენელი რუსლან გასიმოვი იყო. ჟორჟოლიანმა მხოლოდ დამატებით დროში წააგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი გამოცდილ არიელ ზეევთან დათმო და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. აქ ჩემპიონი უნგრელი დანიელ ჰადფი გახდა, რომელმაც გასიმოვს მოუგო. კიდევ ერთი ბრინჯაო კი ფრანგმა ფრედერიკ დემონფუკომ მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი მედალი მოიპოვა ლაშა გუჯეჯიანმა, რომელმაც ფინალური შეხვედრა ახალგაზრდა ფრანგთან ტედი რინერთან წააგო. არადა, გუჯეჯიანმა აქამდე ძალიან კარგად იჭიდავა. მან ჯერ ბრიტანელი ჯოი დელაჰეი დაამარცხა. შემდეგ კი თითქოს განწირული ჩანდა ჩემპიონატის უპირველეს ფავორიტთან მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან რუს ალექსანდრ მიხაილინთან შეხვედრაში, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა გამარჯვება და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ უკრაინელი ევგენი სოტნიკოვი ჰყავდა. გუჯეჯიანმა უკრაინელსაც აჯობა, მაგრამ ფინალში ფრანგთან ვეღარაფერს გახდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ალექსანდრ მიხაილინმა და შარშანდელმა ჩემპიონმა გერმანელმა ანდრეას ტიოლცერმა.
ქალებს შორის მძიმე წონაში ირინე ლეონიძე პირველსავე წრეში დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერთ ჩემპიონატზე ამდენი მედალი საქართველოს ნაკრებს არასოდეს მოუპოვებია. ქართველები ლიდერები არიან მოპოვებული მედლების რაოდენობის მიხედვით. ჩემპიონატში, შარშანდელის მსგავსად, ყველაზე მეტი 2 ოქროს მედალი რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა. ეს მედლები რუსებმა ქვედა წონებში აიღეს, სადაც ბოლო დროს მოისუსტებდნენ. არადა, ისინი ოქროს მედლებს უფრო ზედა წონებში გეგმავდნენ. თითო ოქროს მედალი მოიპოვეს აგრეთვე პოლონეთმა, უკრაინამ, უნგრეთმა და საფრანგეთმა.
8.04.2007