7.10.2007 1 ოქრო და 2 ვერცხლი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩეხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ვერცხლის მედლებს კი დაეუფლნენ ზვიად ბაზანდარაშვილი (73 კგ) და ლევან მუქერია (მძიმე წონა).
პრაღაში 20 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი 5-7 ოქტომბერს მიმდინარეობდა და ერთმანეთს 41 ქვეყნის 352 ძიუდოისტი ეჯიბრებოდა. მთავარმა მწვრთნელმა ბორია ფირცხელიანმა ნაკრები მაისში გამართული საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დააკომპლექტა და პრაღაში ყველა წონით კატეგორიაში ქვეყნის ჩემპიონი წაიყვანა.
ნაკრებმა უშუალოდ ჩემპიონატისთვის მზადება აგვისტოში დაიწყო, როდესაც ასევე ჩეხეთში ქალაქ ჟიჩინში „ა“ კატეგორიის ტურნირში იასპარეზა და შვიდივე მოჭიდავე საქართველოში მედლით დაბრუნდა. შემდეგ ნაკრებმა გაიარა შეკრებები ბაკურიანსა და გორში.
პირველი მედალი საქართველოს ნაკრებს გორელმა ზვიად ბაზანდარაშვილმა მოუტანა, რომელმაც 73 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავა. ბაზანდარაშვილის მეტოქე ფინალში რუსი მიხაილ მაჩინი იყო. ჩატარებული ილეთის შემდეგ ტატამის მსაჯებმა ბაზანდარაშვილს წმინდა გამარჯვება მიანიჭეს, მაგრამ ჩემპიონატის მთავარმა მსაჯმა ტატამზე მყოფი სამეული თავისთან იხმო და გადაწყვეტილება შეაცვლევინა. სადავო ეპიზოდი რუსის სასარგებლოდ გადაწყდა და გამარჯვებულად მაჩინი გამოცხადდა. საბოლოოდ ამ ფინალის შედეგი გადამწყვეტი აღმოჩნდა გუნდურ პირველობაში ადგილების განაწილებისას, რადგან რუსეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სწორედ ამ ოქროს მედლით აჯობა. ბაზანდარაშვილს ოქროს მედალი, რომ აეღო, საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრსაც მოიგებდა.
მსაჯების არაობიექტურობის მსხვერპლი გახდა ფოთელი ნიკო კუცია, რომელსაც 81 კგ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში სლოვენიელ ძიუდოისტთან შეხვედრაში რამდენიმე გდება არ შეუფასეს. საბოლოოდ, ჰანტეით მსაჯებმა გამარჯვება სლოვენიელ ალიაზ სედეჟს მიანიჭეს, რომელიც შემდეგ ჩემპიონიც გახდა.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს მშენივრად იასპარეზეს ნაკრების ყველაზე ახალგარზდა წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ლევან მუქერიამ. ლიპარტელიანმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ჩეხი, მოლდოველი, ფრანგი და ბერძენი ძიუდოისტები, ფინალში კი გერმანელ დინო პფაიფერს სძლია და ჩემპიონიც გახდა. მძიმე წონაში ლევან მუქერია მხოლოდ ფინალში დამარცხდა ჰოლანდიელ ჯეფრი ვან ემდენთან. |