ევროპის ჩემპიონატი – მეორე დღე


დავით ქევხიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

qevxiSvili-finali-1ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარი ვერცხლის მედლით გამდიდრდა. 73 კგ წონით კატეგორიაში დავით ქევხიშვილმა ზედიზედ 4 შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალი რუსეთის წარმომადგენელთან სალამუ მეჟიდოვთან დათმო და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი. ორი დღის შემდეგ, საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა, მოპოვებული მედლების რაოდენობით კი _ პირველზე.

დავით ქევხიშვილის ევროპის ჩემპიონატების მედლების კოლექციას კიდევ ერთი ვეცხლის მედალი შეემატა. პირველი ვერცხლი მან 2002 წელს სლოვენიაში მოიპოვა, რასაც ორი ბრინჯაოს მედალი მიაყოლა, თუმცა ოქრომდე სულ ცოტა აკლდებოდა. იგი ჩემპიონი ვერც ამჯერად გახდა, მაგრამ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მისთვის ვერცხლის მედალიც დიდი წარმატებაა.
შარშან სექტემბერში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ დავით ქევხიშვილს ბელგრადამდე არსად უჭიდავია. ფეხის ტრავმას მხოლოდ ოპერაციამ უშველა და მან გამოჯანმრთელება ვერც კი მოასწრო, ისე მოუწია ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება. მას, ბორჯომში შეკრების დროს, მუხლი სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ ნაკრების მთავარ მწვრთნელს შოთა ხაბარელს სჯეროდა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქევხიშვილს ბელგრადში მაინც შეეძლო საპრიზო ადგილისთვის ბრძოლა. გამოცდილი მწვრთნელი არც შემცდარა _ დავით ქევხიშვილი ბელგრადში მეორე ადგილზე გავიდა.
პირველ წრეში ქევხიშვილმა პოლონელ პაველ ჟიდაკს სძლია, შემდეგ მოლდოველი ვიქტორ ბივოლი და ავსტრიელი კრიშტოფ შტანგლი დაამარცხა, პორტუგალიელ ჟოაო პინას დამატებით დროში მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც სალამუ მეჟიდოვს შეხვდა. ქევხიშვილმა მეჟიდოვი შარშან ორჯერ დაამარცხა _ პრაღაში მსოფლიოს თასზე და პარიზში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, თუმცა ამჯერად პრაქტიკის უქონლობამ მის ჭიდაობაზე გავლენა მაინც იქონია. ფინალში მსაჯმა ჯერ ქევხიშვილი გააფრთხილა, შემდეგ მეჟიდოვი. როგორც ჩანს, ქართველ მოჭიდავეს აღარ სურდა ფინალის დამატებით დროში გაგრძელება. მან მოწინააღმდეგეს შეუტია, მაგრამ კონტრილეთზე წამოეგო და შეხვედრის დამთავრებამდე 13 წამით ადრე ვაზარიზე დაეცა. კიდევ 9 წამში მორიგი კონტრილეთისას მეჟიდოვის გდება მსაჯმა ისევ ვაზარით შეაფასა და ევროპის ჩემპიონი სალამუ მეჟიდოვი გახდა.
ურიგოდ არ უჭიდავია ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტს გიორგი ბაინდურაშვილს. მან ჯერ უნგრელ შანდორ ნაგისოლიმოსს მოუგო, შემდეგ პორტუგალიელ ჟოაო ნეტოს და ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალში გასვლამდე. მესამე წრეში იგი სლოვენიელ კლემენ ფერჯანს ხვდებოდა და შეხვედრის დამთავრებამდე 20 წამით ადრე კოკასაც იგებდა, მაგრამ იუკოზე დაეცა და ნახევარფინალში სლოვენიელი გავიდა. ბაინდურაშვილი დამამშვიდებელ წრეში ჩაერთო, სადაც ჯერ უკრაინელი სერგეი ბალაბანი დაამარცხა, შემდეგ კი თანაბარ ბრძოლაში გერმანელ ოლე ბიშოფთან შეხვედრის ბოლო წამზე იუკოზე დაეცა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა.
63 კგ წონით კატეგორიაში ანა ძაძამია პირველსავე წრეში დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.
8 აპრილს იჭიდავებენ ირაკლი ცირეკიძე (90კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100კგ), ლაშა გუჯეჯიანი (+100კგ) და ირინე ლეონიძე (+78კგ).