საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია
5 ოქტომბერი 2008, იაპონია, ტოკიო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონიაში გამართული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მოიგო. ქართველებმა ტოკიოს ბუდოჰოლში ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს კორეის, ბრაზილიის და უზბეკეთის ნაკრებები და მეორედ გახდნენ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: ნესტორ ხერგიანი, მინდია ხომიზური, ზაზა კედელაშვილი, დავით ქევხიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი, ლაშა გუჯეჯიანი და ნოდარ მეტრეველი. ნაკრებს ტოკიოში თან ახლდნენ მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი, მწვრთნელი გურამ მოდებაძე, კონსულტანტი გურამ რატიშვილი, ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, ფედერაციის გენერალური მდივანი ანზორ მარტყოფლიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ზურაბ უსუფაშვილი. აგრეთვე, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე, რომელიც მსაჯობდა მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრებს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება 8 ნაკრებს მისცა (როგორც კაცთა, ისე ქალთა შორის). ორ-ორი ნაკრების გამოყვანის უფლება მიეცათ ევროპისა და აზიის კონფედერაციებს, ხოლო თითო ნაკრების პან-ამერიკას, აფრიკასა და ოკეანეთს. იაპონია ჩემპიონატში მონაწილებდა როგორც ორგანიზატორი. კაცებს შორის ჩემპიონატში ასპარეზობდნენ იაპონია, კორეა, უზბეკეთი, საქართველო, რუსეთი, ბრაზილია, ალჟირი და ახალი ზელანდია. საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდა, რადგან ბადის იმ ნაწილში, სადაც საქართველოს ნაკრებს უნდა ეასპარეზა, ასევე მოხვდნენ იაპონია, ბრაზილია და კორეა. პირველი შეხვედრა ქართველებს კორეასთან უნდა ჩაეტარებინათ. გამარჯვების შემთხვევაში კი ბრაზილიასა და იაპონიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებოდნენ. ბადის მეორე მხარეს კი თავიდანვე ნათელი იყო, რომ ნახევარფინალში ერთმანეთს რუსეთი და უზბეკეთი შეხვდებოდნენ, რადგან მათ არ გაუჭირდებოდათ ჩემპიონატის ორი აშკარა აუტსაიდერის, შესაბამისად, ალჟირისა და ახალი ზელანდიის დამარცხება.
გუნდური ჩემპიონატის ასპარეზობებში პირველად მოხდა, რომ შეხვედრებს არ იწყებდნენ დაბალი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები. საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ის წონითი კატეგორია, რომლითაც შეხვედრები დაიწყებოდა, კენჭისყრას გაერკვია. შესაბამისად, პირველ წრეში შეხვედრებს იწყებდნენ 66 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები, მეორე წრეს, ანუ რეპეშაჟსა და ნახევარფინალებს - 81 კგ, ხოლო ფინალს და მესამე ადგილებისთვის მატჩებს 90 კგ-ში მოასპარეზენი.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა და სამი ძიუდოისტი ზაზა კედელაშვილი, დავით ქევხიშვილი და ირაკლი ცირეკიძე აჭიდავა არა იმ წონით კატეგორიებში, რომლებშიც ეს ძიუდოისტები ტრადიციულად ასპარეზობენ, არამედ ერთი წონითი კატეგორიით ზევით და შეიძლება ითქვას, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. სამივე ჩატარებულ შეხვედრაში შოთა ხაბარელმა ნაკრები ერთი შემადგენლობით აჭიდავა. (60 კგ - ნესტორ ხერგიანი, 66 კგ - მინდია ხომიზური, 73 კგ - ზაზა კედელაშვილი, 81 კგ - დავით ქევხიშვილი, 90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, 100 კგ - ირაკლი ცირეკიძე, და +100 კგ - ლაშა გუჯეჯიანი.)
კორეასთან შეხვედრაში პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მინდია ხომიზურმა მოუტანა. შემდეგ ტატამზე ზაზა კედელაშვილი გავიდა და მანაც იმარჯვა. საქართველოს ნაკრებმა კორეის ნაკრები 6-1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებს ქულები მოუტანეს აგრეთვე, ვარლამ ლიპარტელიანმა, ირაკლი ცირეკიძემ, ლაშა გუჯეჯიანმა და ნესტორ ხერგიანმა.
მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში იაპონიას შეხვდებოდა, მაგრამ იაპონელები მოულოდნელად დამარცხდნენ ბრაზილიასთან. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა მძიმეწონოსანი დანიელ ერნანდესის გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონთან იასუიუკი მუნეტასთან. საბოლოოდ ბრაზილიამ იაპონია 3-2 დაამარცხა და ნახევარფინალშიც გავიდა. ნახევარფინალში კი ასპარეზობას 81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იწყებდნენ, სადაც ბრაზილიელებს ჰყავდათ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ფლავიო კანტო. დავით ქევხიშვილმა კანტოს წინააღმდეგ ძალიან კარგად იჭიდავა. იგი მეტოქეს იუკოს უგებდა, ბოლო წუთზე კი მოწინააღმდეგე იპონზე დასცა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. შეიძლება ითქვას, გუნდის ლიდერის დამარცხებამ ბრაზილიელები ფსიქოლოგიურად გატეხა. საქართველოს ნაკრებმა 5-1 გაიმარჯვა. ქევხიშვილის გარდა აქ ქულები მოიპოვეს ვარლამ ლიპარტელიანმა, ირაკლი ცერეკიძემ, ლაშა გუჯეჯიანმა და ნესტორ ხერგიანმა. ფრედ დაამთავრა შეხვედრა ზაზა კედელაშვილმა.
ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე უზბეკეთის ნაკრები იყო. უზბეკებმა ახალი ზელანდიის დამარცხების შემდეგ 4-3 მოუგეს რუსებს. უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობაში პეკინის ოლიმპიადის ორი პრიზიორი გამოდიოდა - ქართველებისთვის კარგად ნაცნობი მძომეწონოსანი აბდულო ტანგრიევი და რიშოდ სობიროვი, რომელიც პეკინში ბრინჯაოს პრიზიორი 60 კგ წონით კატეგორიაში გახდა. სხვა შეხვედრებთან შედარებით, ფინალი ყველაზე დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ბოლო შეხვედრაში გაირკვა, სადაც საქართველოს ნაკრებს გამარჯვება დავით ქევხიშვილმა მოუტანა. ბოლო მეშვიდე შეხვედრამდე საქართველოს ნაკრები 3-2-ს იგებდა, (ნაკრებს ქულები მოუტანეს ვარლამ ლიპარტელიანმა, ნესტორ ხერგიანმა და ზაზა კედელაშვილმა, ირაკლი ცირეკიძემ კი თავისი შეხვედრა ფრედ დაამთავრა) მაგრამ სიტუაცია იმგვარი იყო, რომ ქევხიშვილის წაგების შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონები უზბეკები ხდებოდნენ, რადგან თანაბარი ანგარიშისას, ისინი ქართველებს ქულებით ასწრებდნენ. ხოლო თუ ბოლო შეხვედრა ფრედ დამთავრდებოდა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ნაკრები ხდებოდა. ქევხიშვილმა თავიდან იუკო მოიპოვა. ბოლო წუთზე კი უზბეკ ჯურაკობილოვს ვაზარიც აართვა და ფინალი საქართველოს ნაკრებმა 4-2 მოიგო.
მესამე ადგილისთვის შეხვედრებში რუსეთმა იაპონიას 4-3 მოუგო, ხოლო ბრაზილიამ ალჟირს 7-0. ქალთა შორის კი გამარჯვებული იაპონიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.






|