6.08.2007 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატება - მედლების სრული კომპლექტი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ჩეხეთის ქალაქ ჟიჩინში გამართულ „A” კატეგორიის ტურნირში, სადაც მედალი ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვა. სულ საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა
2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი. ამ შედეგით 23 ქვეყანას შორის საქართველომ გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ამირან პაპინაშვილი (60კგ) და ნიკო კუცია (81კგ), ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ზვიად ბაზანდარაშვილმა (73კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს სანდრო იაკობაშვილმა (66კგ), ვალერი ლიპარტელიანმა (90კგ), კონსტანტინე მუკვანმა (100კგ) და ლევან მუქერიამ (+100კგ).
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ბორია ფირცხელიანმა ჩეხეთში ის მოჭიდავეები წაიყვანა, რომლებიც მაისში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ და რომელთაც ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატში მოუწევთ ასპარეზობა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების წევრები ჯერ არ არიან სასურველ სპორტულ ფორმაში, ყველა მათგანმა მაინც შეძლო ტურნირში მედლის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ ტურნირში საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, განსაკუთრებით მძიმე წონაში, სადაც ფრანგმა ტედი რინერმა გაიმარჯვა, რომელმაც ახალგაზრდებს შორის შარშან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. წლეულს კი ევროპის ჩემპიონი უფროსებში გახდა, როდესაც ფინალში ლაშა გუჯეჯიანი დაამარცხა. ჩეხეთში კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა ოთარ ტვილდიანმა (81კგ) და გოდერძი მოსიაშვილმა (+100კგ) იასპარეზა, რომლებმაც თავად გამოთქვეს საკუთარი ხარჯით ტურნირში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ისინი უმედლოდ დარჩნენ.
|