ევროპის ჩემპიონატი - პირველი დღე
ზაზა კედელაშვილი - ოქრო, ნესტორ ხერგიანი - ბრინჯაო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შეჯიბრის პირველი დღის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ზაზა კედელაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნესტორ ხერგიანმა კი 60 კგ-ში - ბრინჯაო. ჩემპიონატში მონაწილე 45 ქვეყანას შორის ვაჟებში ორი მედალი ჯერ-ჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებს აქვს მოპოვებული.
ზაზა კედელაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. საქართველოს 2006 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ამჯერად, ოქროს მედალი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მოიპოვა. ფინალში მან მასპინძელთა ფავორიტი მილოშ მიალკოვიჩი დაამარცხა, რომელმაც თავის მხრივ შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტს ფრანგ ბენჟამენ დარბელეს ნახევარფინალში აჯობა.
ზაზა კედელაშვილმა პირველ წრეში ნორვეგიელი ალბინ დალი დაამარცხა. შემდეგ საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ტარიელ ზიდირიდისს სძლია. მესამე წრეში პორტუგალიელ პედრო დიასთან შეხვედრაში ერთი თვის წინ ვარშავის მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში მოუგო ჰოლანდიელ დექს ელმონტს.
66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები პოლონელმა ტომაშ ადამეცმა და ფრანგმა ბენჟამენ დარბელემ მოიპოვეს.
ნესტორ ხერგიანმა თავისი მედლების კოლექციას ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე მედალი შემატა. ათენის ოლიმპიადის შემდეგ ხერგიანი ვეღარ ახერხებდა ოფიციალურ შეჯიბრებებში საპრიზო ადგილის დაკავებას. შარშან ევროპის ჩემპიონატზე ტამპერეში მან მესამე ადგილისთვის შეხვედრა წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ამჯერად კი გამოცდილების ხარჯზე შეძლო ლიტველი ალბერტ ტეხოვის დამარცხება და კარიერაში ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნესტორ ხერგიანმა პირველ წრეში თურქ ქემალ ოგუზს სძლია. შემდეგ დამატებით დროში დაამარცხა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი და თავისთვის უხერხული მეტოქე ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი. მესამე წრეში თავად დამარცხდა სომეხ ჰოვანეს დავთიანთან, თუმცა მიეცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი და ვეტერანმა ძიუდოისტმა ეს შანსი გამოიყენა. დამამშვიდებელ შეხვედრებში ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბელგიელი ფაბრის ფლამანი და სლოვენიელი როკ დრაკშიჩი, რითაც მესამე ადგილისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.
60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი რუსეთის წარმომადგენელი რუსლან კიშმახოვი გახდა, რომელმაც ფინალში დავთიანს მოუგო. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი კი ისრაელის წარმომადგენელმა გალ იეკუტიელმა მოიპოვა.
ქალებში 6 აპრილს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ნაია ვეშაგურმა (48კგ), მარიამ ტარუაშვილმა (52კგ) და დურსადაფ ქერიმოვამ (57კგ) პირველივე შეხვედრები წააგეს და შეჯიბრს გამოეთიშნენ.
7 აპრილს იჭიდავებენ დავით ქევხიშვილი (73კგ), გიორგი ბაინდურაშვილი და ანა ძაძამია (63კგ)
6.04.2007