4.03.2007 ქართველი ძიუდოისტების წარმატება მსოფლიოს თასზე


3 და 4 მარტს პოლონეთში გაიმართა მსოფლიოს თასის გათამაშება, სადაც მსოფლიოს 30 ქვეყნის ნაკრებთან ერთად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმაც იასპარეზა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ვარშავაში 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედალი მოიპოვა ირაკლი ცირეკიძემ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ გიორგი ბაინდურაშვილი, ლევან რაზმაძე, ლევან ჟორჟოლიანი და ლაშა გუჯეჯიანი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ოთხივე მედალი შეჯიბრების მეორე დღეს მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ცირეკიძემ ფინალში მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ბელორუსი ანდრეი კაზუსიონაკი დაამარცხა და მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა.
ამ დღეს კიდევ ხუთმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა მესამე ადგილისთვის შეხვედრებში. ამათგან ორს, გიორგი ბაინდურაშვილსა და საბა გავაშელიშვილს, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთთან მოუწიათ დაპირისპირება _ გამარჯვება ბაინდურაშვილს დარჩა.
ქართველებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მესამე ადგილისთვის შეხვედრებში ლევან რაზმაძემ იტალიელი ფრანჩესკო ლეპრე დაამარცხა, ლევან ჟორჟოლიანმა კი ბრაზილიელ ლუსიანო კორეას მოუგო.
მძიმე წონაში ლაშა გუჯეჯიანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შეძლო ბრაზილიელი დანიელ ერნანდესის დამარცხება და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.