ბრინჯაო მეორე შემადგენლობით

erov.gund

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის შემდეგ სერბეთში ევროპის გუნდურ ჩემპიონატშიც იასპარეზა და განსხვავებული შემადგენლობით ასპარეზობის მიუხედავად, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2006 წლამდე ევროპის ძიუდოს კავშირი ევროპის გუნდური ჩემპიონატებისთვის გუნდებს გაურკვეველი პრინციპით არჩევდა და ხშირად აქ წარმოდგენილი ოთხი გუნდი ნამდვილად არ იყო ევროპაში უძლიერესი. ამჯერად, ევროპის ძიუდოს კავშირმა შერჩევის წესი შეცვალა, სპორტული პრინციპით იხელმძღვანელა და მონაწილეთა რაოდენობა რვამდე გაზარდა. ორგანიზატორი ქვეყნის გარდა, შეჯიბრში დაუშვეს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტები. 5 გუნდი კი ევროპის პირადი ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეარჩიეს. ამგვარი შერჩევის შედეგად სერბეთში ასპარეზობის უფლება საქართველოს ნაკრებმაც მოიპოვა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები დაასვენა და ბელგრადში ის ძიუდოისტები წაიყვანა, რომლებიც ამ ეტაპზე თავის წონით კატეგორიებში ნაკრების პირველი ნომრები არ არიან, თუმცა გუნდი მაინც სოლიდურად გამოიყურებოდა, რადგან დიდი ხნის შესვენების შემდეგ თავის გამოჩენის საშუალება მიეცა ათენის ოლიპიადის ტრიუმფატორს ზურაბ ზვიადაურს. გუნდში იყო აგრეთვე ნესტორ ხერგიანიც, რომელსაც ბელგრადში თავის წონაში არ უჭიდავია. საქართველოს ნაკრები ბელორუსთან გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ევროპის შარშანდელ ჩემპიონს ისრაელის ნაკრებს მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა, რასაც ურიგო შედეგი არ ეთქმის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: ვახტანგ ხოსიტაშვილი, მინდია ხომიზური, ნესტორ ხერგიანი, გიორგი ბაინდურაშვილი, ზურაბ ზვიადაური, ლევან ჟორჟოლიანი, გიორგი ყიზილაშვილი და ადამ ოქრუაშვილი.

29.10.2006