29.06.2008       თურქეთის საერთაშორისო ტურნირი, 28-29 ივნისი, სტამბოლი

სტამბოლში გამართულმა საერთაშორისო ტურნირმა ვერ გაარკვია საქართველოს ნაკრების იმ ძიუდოისტის ვინაობა, რომელიც პეკინში ოლიმპიადაზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ნაკრების მთავარ მწვრთნელს შოთა ხაბარელს ტურნირის შედეგების მიხედვით უნდა გადაეწყვიტა, პეკინში გიორგი ბაინდურაშვილი გაემგზავრებოდა, თუ საბა გავაშელიშვილი, მაგრამ ორივე ძიუდოისტმა სტამბოლში მესამე ადგილი დაიკავა, თან ისე, რომ ორივე მათგანმა მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო და ორივემ  მხოლოდ რუს ივან ნიფონტოვთან. შესაბამისად ორივე ძიუდოისტის შედეგი იდენტური იყო და შოთა ხაბარელი ოლიმპიელის ვინაობას რამდენიმე დღეში გადაწყვეტს.
ამ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ნაკრების სხვა წევრებმა. ჩემპიონები გახდნენ ნესტორ ხერგიანი (66 კგ) , ზაზა კედელაშვილი (73 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ხოლო ლაშა გუჯეჯიანმა (+100 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.

სტამბოლის ტურნირში იასპარეზეს საქართველოს ნაკრების ქალმა ძიუდოისტებმა და საკმაოდ წარმატებითაც. 78 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ნათია ოძელაშვილი. 63 კგ-ში ვერცხლის მედალი მოიპოვა თინათინ ქულუსაშვილმა, ხოლო ირინე ლეონიძე მძიმე წონაში მესამე ადგილზე გავიდა .